Center of culture

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი შეიქმნა 2011 წელს  კულტურის სახლის ბაზაზე, რომელსაც  მრავალწლიანი ისტორია აქვს. იგი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა როგორც უსინათლოთა განათლების სახლი ანუ უსინათლოთა კლუბი მაშინდელი უსინათლოთა სკოლის შენობაში (ამჟამად 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლა-პანსიონი). იმ დროისთვის კლუბში არსებობდა მხოლოდ დრამატული წრე და მომღერალთა თვითმოქმედი გუნდი.

1958 წელს ფონიჭალაში ახლადაშენებულ შენობაში დაფუძნდა უსინათლოთა საზოგადოების კულტურის სახლი, რომელშიც ფუნქციობდა  შემოქმედებითი და სპორტული წრეები. 70-80-იან წლებში ძალზე პოპულარული იყო ფონიჭალის კულტურის სახლის სახალხო გუნდი, რომელმაც სათავე დაუდო ახალ მუსიკალურ გაერთიანებას.

1973 წელს შეიქმნა უსინათლოთა საზოგადოების საგუნდო კაპელა, რომელიც შემდეგ მუსიკალურ-საესტრადო გაერთიანებად გადაკეთდა. ამჟამად ეს გაერთიანება ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების- ვაჟთა  ანსანბლ “კრწანისისა” და ქალთა ანსამბლ “ნანას” სახით განაგრძობს მოღვაწეობას.

1961 წელს ამავე შენობაში დაარსდა ბიბლიოთეკა, ხოლო 1987 წელს იგი უკვე ცალკე შენობაში განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც უსინათლოთა კავშირის რესპუბლიკური ბიბლიოთეკა. დღეისათვის მის ფონდში დაცულია 21000-ზე მეტი წიგნი.

1953 წელს დაიბეჭდა ბრაილის შრიფტით პირველი ქართული წიგნი.

1966 წელს გამოიცა ჟურნალ “სინათლის” პირველი ნომერი. 2008 წელს პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ხმის ჩამწერი სტუდია “ცოდნა”..

კულტურის ცენტრის მიზანია უსინათლოთა ინტელექტუალური და კულტურული რეაბილიტაცია, ზრუნვა მათი საგანმანათლებლო და ინფორმაციული დონის ამაღლებისთვის, ხელოვნების გზით მათი ინტეგრირება საზოგადოებაში, კულტურულ- შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების მოწყობა.

კულტურის   ცენტრში ფუნქციონირებს ვაჟთა ანსამბლი “კრწანისი”, ქალთა ანსამბლი “ნანა” და ხუთი სხვადასხვა სახის ლიტერატურის, დრამატული, ინგლისურის, შაშისა და ჭადრაკის წრეები, ბიბლიოთეკა, ჟურნალ “სინათლის” რედაქცია და ხმის ჩამწერი სტუდია “ცოდნა”.

ვაჟთა და ქალთა ანსამბლები მართავენ კონცერტებს თბილისსა და რეგიონებში, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში.

ლიტერატურის წრე- აწყობს ლიტერატურულ საღამოებს, მწერლებთან შეხვედრებსა და პრეზენტაციებს.

დრამატული წრე- დგამს სპექტაკლებს.

ინგლისურის წრე- მსურველებს ეხმარება ინგლისური ენის შესწავლაში.

შაშისა და ჭადრაკის წრეები- აწყობენ მატჩ-ტურნირებს, ატარებენ შეჯიბრებებს თბილისის პირველობაზე, დიდი წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო მატჩ-ტურნირებში.

დღეისათვის ბიბლიოთეკაში დაცულია 21000-ზე მეტი  ბრტყელი, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი და აუდიო ლიტერატურა. იგი ემსახურება მკითხველებს, აცნობს მსურველებს პერიოდულ პრესას, აწყობს წიგნის პრეზენტაციებს, შეხვედრებს თანამედროვე პროზაიკოსებთან, პოეტებთან და მთარგმნელებთან.

ჟურნალ “სინათლე”  საზოგადოებრივ-ლიტერატურული ყოველთვიური ორგანო, გამოდის ბრაილის და ბრტყელი შრიფტით და აუდიო ვერსიის სახით. მასში ინტენსიურად შუქდება უსინათლოთა კავშირში მიმდინარე მოვლენები, იბეჭდება ნიჭიერ ავტორთა შემოქმედება.

ხმის ჩამწერი სტუდია «ცოდნა»- ახმოვანებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს და ჟურნალ “სინათლეს”.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2013 წლის მარტიდან კულტურის ცენტრი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED