თეთრი ხელჯოხი უსინათლოთა უმნიშვნელოვანესი დამხმარე საშუალებაა. იგი უსინათლო ადამიანს ეხმარება დამოუკიდებლად გადაადგილებაში. თეთრი ხელჯოხი სხვადასხვაგვარია, მაგ. დასაკეცი,რომელიც პრაქტიკულია შესანახად; მყარი, რომელიც არ იკეცება; და ა.შ. ხელჯოხის შერჩევა სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურად ხდება უსინათლო ადამიანისათვის, როგორც მაგ. მხედველობის სათვალე, პროთეზი და ა.შ. თეთრი ხელჯოხის ფერი შერჩეულია, იმის გამო, რომ სხვებისთვის მარტივად აღსაქმელი /შესამჩნევი იყოს, დღისა და ღამის შუქის, სხვადასხვა განათების მიუხედავად. უსინათლოსთვის თეთრი ხელჯოხის შერჩევა ხდება მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორის მიერ და ის ასწავლის მის გამოყენებას, რათა უსაფრთხოდ გადაადგილდეს სივრცეში. ზოგადად, თეთრი ხელჯოხის სიმაღლე მის მომხმარებელს მხრებამდე უნდა წვდებოდეს. თეთრი ხელჯოხის სწორად გამოყენების შემთხვევაში, იგი უსინათლოს დაახლოებით ორი ნაბიჯის რადიუსში ატყობინებს ბარიერებს, რაც უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანესია. თეთრი ხელჯოხი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად გამოიყენება. არსებობს მოსმითი ტექნიკა, რომელიც გლუვ ზედაპირზე გამოიყენება. რელიეფურ ზედაპირზე წერტილოვანი გამოყენება უფრო კომფორტულია. კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას კი, ხელჯოხის გამოყენება განსხვავებულად ხდება. თეთრ ხელჯოხს სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს მოქალაქე უსინათლო ადამიანებს და ამავდროულად უფინანსებს მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორის სასწავლო კურს. საქართველოს უსინათლოთა კავშირი თავის წევრებს ადვოკატირებას უწევს სახელმწიფოსთან თეთრი ხელჯოხის აღებასა და მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორის სასწავლო კურსით უზრუნველყოფაში.