ორგანიზაციული აქტები

წესდება. 2022 15 ივლისი.

 

 

წ  ე  ს  დ  ე  ბ  ა

 

 

ახალი რედაქცია

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                           თბილისი  15 ივლისი 2022 წ.

 

 

 

$1. პრეამბულა

            საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება, როგორც მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, შექმნილია 1926 წელს.
            1992 წლის 22 მაისს საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება, ამ პერიოდში მოქმედი კანონის მოთხოვნების დაცვით, ხელმეორედ იქნა რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის $19/15 დადგენილებით.
            1997წ. ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მოქმედი წესდება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი სამოქალაქო კოდექსთან, კერძოდ, დაზუსტებული იქნა ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი და მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა, აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა ახალი სამოქალაქო კოდექსის სხვა მოთხოვნები.
            ამრიგად, ხელახალი რეგისტრაციის საფუძველზე რეგისტრირებული საქართველოს უსინათლოთა კავშირი წარმოადგენს ადრე რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების უფლებამონაცვლეს (სამართალმემკვიდრეს).

 

$2. ტერმინთა განმარტება

2.1.  “უსინათლო” ნიშნავს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ მხედველობის შეზღუდვის მქონე პირს

2.2. “ფილიალი” ნიშნავს კავშირის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც  არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

2.3.“საწარმო” ნიშნავს უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც მოქმედებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად.

2.4.’’ვეტერანი’’ ნიშნავს  კავშირის წევრობის არანაკლებ 50 წლის სტაჟის მქონე პირს.

 

$3. სახელწოდება, ადგილმდებარეობა

3.1. ორგანიზაციის სახელწოდებაა: საქართველოს უსინათლოთა კავშირი (შემდგომში “კავშირი”).

3.2. კავშირი არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

3.3. კავშირი წარმოადგენს იურიდიულ პირს.

3.4. კავშირის ადგილსამყოფელია: საქართველო, თბილისი, ბოჭორმის ქ. N23.

 

$4. კავშირის საქმიანობის მიზნები და ამოცანები

4.1. კავშირის მიზანია უსინათლო მოქალაქეთა გამოვლენა და მათი შესაძლო შრომითი, სამედიცინო, ინტელექტური, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება. უსინათლოთა შორის სოლიდარობის, ურთიერთგაძლიერებისა და მხარდაჭერის, ერთმანეთის საჭიროებების შესწავლა-პატივისცემის, უფლებებისა და ინტერესების დაცვის კულტურის დამკვიდრება.

4.2.  ამ მიზნის მისაღწევად კავშირი:

ა) ახორციელებს უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამებსა და პროექტებს;

ბ) პოპულარიზაციას უწევს უსინათლოების უფლებებს, საჭიროებებს, მიღწევებსა და უსინათლოთა კავშირის საქმიანობას.

გ) აღრიცხავს უსინათლოებს და აწევრიანებს მათ კავშირში ნებაყოფლობის საფუძველზე

დ) ხელს უწყობს უსინათლოებს განათლების მიღებაში, განათლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლაში ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით.

ე)  ხელს უწყობს უსინათლოებს  კვალიფიკაცის ამაღლებასა და დასაქმებაში.

ვ) ზრუნავს უსინათლოთა ჯანმრთელობაზე, საკურორტო მკურნალობასა და დასვენების ორგანიზაციაზე.

ზ)ზრუნავს უსინათლოთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, შესაძლებლობის ფარგლებში უწევს მათ მატერიალურ დახმარებას.

თ) აფინანსებს და ორგანიზაციას უწევს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

ი) უზრუნველყოფს კავშირის ერთიანობის შენარჩუნებას.

კ)  ხელს უწყობს ახალგაზრდა უსინათლო პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებას და საზოგადოებაში დამკვიდრებას.

ლ)   ხელს უწყობს კავშირის ვეტერან წევრთა უფლებების დაცვას, სამედიცინო-სოციალურ რეაბილიტაციას.

4.3. კავშირს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მათ შორის სამეწარმეო საქმიანობა, კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

$5. წევრობა

5.1. კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ყველა ის პირი, ვინც სცნობს და აღიარებს კავშირის წესდებას, სარწმუნოების, ეროვნების, სქესის, სოციალური მდგომარეობის განურჩევლად მათ შორის:.

ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირი.

ბ) მხედველი, რომელსაც აქვს ოთხი უსინათლო წევრის რეკომენდაცია, ამასთან მხედველთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კავშირის ფილიალის წევრთა 10%-ს.

გ) იურიდიული პირი, რომელიც აღიარებს კავშირის წესდებას და იხდის საწევრო  შენატანს.

5.2. კავშირის წევრად მიღება ხდება მსურველთა /მეურვეთა/, წერილობითი განცხადების საფუძველზე კავშირის ფილიალის ან კავშირის გამგეობის მიერ. ორივე შემთხვევაში ამ ფაქტს ამტკიცებს კავშირის გამგეობა.

5.3. კავშირის წევრი გაერთიანებული უნდა იყოს კავშირის ფილიალში საცხოვრებელი(ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

5.4. კავშირში გაწევრიანების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა იმ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ უსინათლოს, ვისთვისაც კავშირის წევრობა წარმოადგენს საარსებო, სოციალური ან სხვა პრობლემების გადაწყვეტის ძირითად წყაროს და მისი წევრობა არ ეწინააღმდეგება კავშირის ძირითად პრინციპებს.

5.5. პირი, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის კავშირის წინაშე, შეიძლება მიღებულ იქნას კავშირის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება კავშირის წევრის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

 

$6. წევრობის შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა.

6.1. კავშირის წევრობის შეწყვეტა ხდება პირადი განცხადების საფუძვლით.

6.2. ფიზიკური პირისათვის წევრობის შეჩერება ხდება საწევრო შესატანის ზედიზედ ორი წლის გადაუხდელობის, ხოლო (იურიდიული პირისთვის ერთი წლის შემთხვევაში.)

6.3. წევრობის  აღდგენა შესაძლებელია პირადი განცხადების საფუძველზე.

6.4. წევრობის გადაცემა სხვა პირისთვის ან მისი მემკვიდრეობით გადასვლა არ დაიშვება.

6.5. კავშირის წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას კავშირიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს და ლახავს კავშირის სახელსა და რეპუტაციას. აგრეთვე ქვემოთ მითითებული შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) კავშირის ინტერესების უხეშად დარღვევის შემთხვევაში.

ბ) კანონმდებლობით  გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

6.6. წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის ყრილობა, ფილიალის ან კავშირის გამგეობის წარდგინებით.ამასთან წევრს,რომლის გარიცხვის საკითხი განიხილება ყრილობის მიერ, ოფიციალურად უნდა ეცნობოს ყრილობის გამართვის თარიღი, დრო და ჩატარების ადგილი. სურვილის შემთხვევაში მას აქვს ყრილობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება.

 

$7. წევრის უფლებები და მოვალეობები

7.1. კავშირის წევრს უფლება აქვს:

ა) მიიღოს მონაწილეობა კავშირის ორგანოების საქმიანობაში;

ბ) 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ აირჩიოს და არჩეულ იქნას კავშირის ორგანოებში;

გ) მონაწილეობდეს კავშირის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად;

დ) მიიღოს კავშირში არსებული ყოველგვარი ინფორმაცია და ასევე, ინფორმაცია კავშირის ხელმძღვანელი ორგანოებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;

ე) ისარგებლოს კავშირის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული და საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ დაწესებული ყველა შეღავათით;

7.2. კავშირის წევრი მოვალეა:

ა) ყოველწლიურად გადაიხადოს საწევრო შესატანი;

ბ) შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს კავშირის საქმიანობაში;

გ) გაუფრთხილდეს კავშირის საქმიან რეპუტაციას და ავტორიტეტს;

დ) აქტიურად შეუწყოს ხელი კავშირის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას;

ე) გაუფრთხილდეს კავშირის ქონებას;

7.3.  წევრის მიერ წესდებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა გამოიწვევს წინამდებარე წესდების 6.6. პუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

 

$8. საწევრო შესატანი

8.1. საწევრო შესატანი გამოიყენება კავშირის მიერ საწესდებო ამოცანების დასაფინანსებლად.

8.2  შესატანის ოდენობა განისაზღვრება კავშირის  გამგეობის მიერ.

 

$9. კავშირის მართვის ორგანოები

კავშირის მართვის ორგანოებია:

  1. კავშირის ყრილობა.
  2. კავშირის გამგეობა.

 

$10 ყრილობა

10.1. კავშირის ყრილობა (შემდგომში “ყრილობა”) მოიწვევა კავშირის გამგეობის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც.

10.2. კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, ყრილობა შეიძლება მოწვეული იქნას დელეგატთა 1/3-ის  წერილობითი მოთხოვნით, ან კავშირის გამგეობის მიერ მიზნისა და საფუძვლის მითითებით.

10.3. ყრილობის მოწვევის შესახებ ფილიალებს და დელეგატებს უნდა ეცნობოთ  ყრილობის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა. შეტყობინებაში აღინიშნება ყრილობის ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. იმ შემთხვევაში, თუ ყრილობის მიერ განხილულ უნდა იქნეს კავშირის ლიკვიდაციის საკითხი, ყრილობის მოწვევის შესახებ ფილიალებს და დელეგატებს უნდა ეცნობოთ ყრილობის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა.

10.4. ყრილობა ტარდება დელეგატების მონაწილეობით, ფიზიკურ სივრცეში, ან დისტანციური რეჟიმით.

10.5. კავშირის ყრილობის დელეგატებად აირჩევიან კავშირის ფილიალებიდან წევრები 5 (ხუთი) წლის ვადით, კავშირის გამგეობის მიერ დადგენილი კვოტის მიხედვით. დელეგატები აირჩევიან ფილიალების კრებაზე ფარული ან ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.  ალტერნატივის შემთხვევაში ტარდება ფარული კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს მეტ ხმას.

10.6. ყრილობას წარმართავს კავშირის თავმჯდომარე, მის მიერ ამ უფლების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ყრილობას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.

10.7. ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება დელეგატთა არანაკლებ 2/3-სა. იმ შემთხვევაში, თუ ყრილობა აღმოჩნდება გადაწყვეტილებაუუნარო, მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 (შვიდი) დღის შემდეგ იმავე წესითა და დღის წესრიგით. განმეორებით მოწვეული ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარი მაინც.

10.8 ყრილობა გადაწყვეტილებებს იღებს ფარული ან ღია კენჭისყრით. კენჭისყრის სახეობას განსაზღვრავს ყრილობა.

10.9  ყრილობის ჩატარების დროს დგება ოქმი, რომელშიც მითითებულია ყრილობის ჩატარების ადგილი, დრო, დელეგატთა რაოდენობა, დღის წესრიგი, განხილული საკითხების არსებითი შინაარსი და ყრილობის გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერენ კავშირის  თავმჯდომარე და მდივანი.

 

$11 კავშირის ყრილობის კომპეტენცია

11.1.    ყრილობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა და  დამტკიცება.

ბ) ფინანსური ანგარიშის მოსმენა და ბიუჯეტის დამტკიცება.

გ) სარევიზიო კომისიის ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება.

დ) კავშირის თავმჯდომარის არჩევა. ამასთან, თავმჯდომარედ არჩეული უნდა იქნას მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ უსინათლო 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და კავშირის წევრობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი.

ე)  თავმჯდომარის წარდგინებით თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) არჩევა.

ვ) თავმჯდომარის წარდგინებით მოადგილის (მოადგილეების) ვადამდე გადარჩევა, ამასთან თავმჯდომარეს უფლება აქვს მოადგილეს(მოადგილეებს) მომდევნო ყრილობამდე შეუჩეროს უფლება-მოსილება.

ზ) გამგეობის წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და არჩევა.

თ) კავშირის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

ი) კავშირის მიზნის შეცვლა;

კ)სარევიზიო კომისიის არჩევა, მისი დებულების დამტკიცება.

ლ)კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

მ) კავშირის საპატიო წევრად მიღება.

11.2. კავშირის თავმჯდომარის არჩევა ხდება 5 (ხუთი) წლით. ღია ან ფარული კენჭისყრით. დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით. ალტერნატივის შემთხვევაში კავშირის თავმჯდომარის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. ამასთან, ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადისა. ყრილობა  ჯერ ირჩევს  თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს), რომლებიც ჩაითვლებიან გამგეობის წევრებად, (გამგეობის თავმჯდომარე, მოადგილე),ხოლო მათი არჩევის შემდეგ დელეგატების შემადგენლობიდან აირჩევიან გამგეობის დანარჩენი წევრები. გამგეობის წევრთა არჩევისას კენჭისყრის სახეობას განსაზღვრავს ყრილობა.

11.3. გამგეობას ირჩევს ყრილობა 5 (ხუთი) წლის ვადით. დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით. ალტერნატივის შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს მეტ ხმას.

11.4. გადაწყვეტილება წესდების შეცვლის, ასევე თავმჯდომარის, გამგეობის ან მისი ცალკეული წევრის გაწვევის თაობაზე მიიღება დამსწრე დელეგატთა ხმების არანაკლებ 2/3-სა. კავშირის მიზნის შეცვლის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების 4/5-ი.

11.5 ყრილობაზე  კენჭისყრისას, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, განხილული საკითხი მიიჩნევა უარყოფილად.

 

$12 კავშირის გამგეობა

12.1. კავშირის გამგეობა (შემდგომში “გამგეობა”) შედგება კავშირის  თავმჯდომარის, მოადგილისა /მოადგილეებისა/ და წევრებისაგან. გამგეობის წევრთა შემადგენლობაში მხედველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის წევრთა 1/4ს

12.2. გამგეობის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. სხდომის მოწვევას ორგანიზებას უწევს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში  მოადგილე.

12.3. განსაკუთრებულ შემთხვევაში გამგეობის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას თავმჯდომარის მიერ, ან გამგეობის წევრთა 1/4-ის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

12.4. გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

12.5. გამგეობის მიერ გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილის) ხმა.

12.6. გამგეობის სხდომის დროს დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება სხდომის ჩატარების ადგილი, დრო, მონაწილეთა რაოდენობა, განსახილველი საკითხების არსებითი შინაარსი და გამგეობის გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში  მოადგილე) და მდივანი.

 

$13 გამგეობის კომპეტენცია

13.1.    გამგეობა უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს კავშირის საქმიანობის მიმართულებები;

ბ) განსაზღვროს გამგეობის წევრთა ფუნქციები;

გ) მიიღოს და დაამტკიცოს კავშირის წევრები;

დ) მოიწვიოს ყრილობა წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ე) დააფუძნოს და გააუქმოს საწარმოები, ფილიალები და იურიდიული პირები. გადაწყვიტოს საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის საკითხი, დაამტკიცოს დაფუძნებული საწარმოების წესდებები (დებულებები), დანიშნოს და გაათავისუფლოს საწარმოთა  ხელმძღვანელები;

ვ) განსაზღვროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი წინამდებარე წესდების მიხედვით;

ზ)  განკარგოს კავშირის ქონება, ასევე მოახდინოს ამ უფლების ნაწილობრივი დელეგირება ფილიალებზე;

თ)  განსაზღვროს კავშირის თანამდებობის პირებისა და მომსახურე პერსონალის საშტატო ერთეულები და ხელფასის ოდენობა კავშირის ბიუჯეტის ფარგლებში;

ი) წარმართოს კავშირის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად;

კ) დაამყაროს კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, შექმნას ერთობლივი საწარმოები;

ლ) დაამტკიცოს ფილიალის თავმჯდომარეები.

მ) მოისმინოს და დაამტკიცოს ფილიალების ყოველწლიური ანგარიში;

ნ) დაამტკიცოს კავშირის ფილიალების ბიუჯეტი;

ო) დაამტკიცოს ბეჭდების, შტამპების და საწევრო წიგნაკების ნიმუშები;

პ) განახორციელოს კავშირის ლიკვიდაცია;

ჟ)  თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი

რ)  საჭიროების შემთხვევაში დანიშოს სპეციალური წარმომადგენელი

ს) დაამტკიცოს ფილიალებში ფარული კენჭისყრის ჩატარების წესი

13.2. გამგეობის სხდომის ჩატარების შესახებ გამგეობის წევრებს უნდა ეცნობოს  გამგეობის სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა. ამავე ვადებში გამგეობის წევრებს უნდა დაეგზავნოთ სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხების პროექტები. გამგეობის სხდომის მიმდინარეობისას დღის წესრიგში საკითხის დამატებით შეტანას სჭირდება სხდომაზე დამსწრე ყოველი წევრის თანხმობა.

13.3.   გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობის ყველა წევრს აქვს ერთი ხმა.

13.4. თუ გამგეობის წევრი ვერ ესწრება სხდომას, მან შეიძლება ხმა მისცეს გადასაწყვეტ საკითხს დაუსწრებლად, წერილობით.

13.5. კავშირის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს ანალოგიური მიზნის მქონე სხვა ა.ი.პ. გამგეობის წევრი ( ძალაშია 2021 წლის 16 სექტემბრიდან)

13.6. კავშირის ქონების მდგომარეობის თაობაზე გამგეობამ უნდა შეადგინოს ანგარიში შესაბამისი ფორმით.

13.7. გამგეობა ვალდებულია დაიცვას და გაუფრთხილდეს კავშირის ქონებას.

 

$14 ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

14.1.კავშირის ხელმძღვანელობას და წამომადგენლობაზე უფლებამოსილებას ახორციელებენ კავშირის თავმჯდომარე და მოადგილე (მოადგილეები) ცალ-ცალკე.

14.2. კავშირის ხელმძღვანელები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, კავშირის წინაშე პასუხს აგებენ მიყენებული ზიანისათვის.

 

$15 სარევიზიო კომისია

15.1. სარევიზიო კომისიას ევალება გამგეობის გადაწყვეტილებების და კავშირის  წლიური ბალანსის ანგარიშის შემოწმება. შემოწმების შედეგებს სარევიზიო კომისია წარუდგენს ყრილობას.

15.2. სარევიზიო კომისია შედგება არანაკლებ სამი წევრისაგან. სარევიზიო კომისიას ირჩევს ყრილობა 5 წლის ვადით. ამასთან, ყრლობა ჯერ ირჩევს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო მისი წარდგინებით კომისიის წევრებს, დამსწრე დელეგატთა ხმათა უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი სარევიზიო კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ, არაუმეტეს ორი ვადისა.

15.3. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი. სარევიზიო კომისიის წევრი უნდა იყოს კავშირის წევრი.

 

$16 კავშირის ფილიალი

16.1.    საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (რაიონში, ქალაქში, ქალაქის რაიონში), აგრეთვე საზღვარგარეთ კავშირმა შეიძლება შექმნას ფილიალი (შემდგომში “ფილიალი”).

16.2. ფილიალის სტრუქტურა და საქმიანობა განისაზღვრება კავშირის გამგეობის მიერ  დამტკიცებული დებულების მიხედვით.

16.3. ფილიალის მართვის ორგანოა ფილიალის კრება (შემდგომში “კრება”), რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. კრება შეიძლება მოწვეული იქნას კავშირის გამგეობის ან ფილიალის წევრთა 1/5-ის  წერილობითი მოთხოვნით, მიზნისა და საფუძვლის მითითებით

16.4. კრება უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს ფილიალის წევრთა (კრების დელეგატთა) არანაკლებ ნახევარი მაინც. კრების დელეგატთა კვოტას განსაზღვრავს ფილიალის გამგეობა და ამტკიცებს კავშირის გამგეობა.

16.5. ფილიალის მუშაობას ხელმძღვანელობს ფილიალის თავმჯდომარე, რომელთანაც იდება შრომითი ხელშეკრულება. შრომით ხელშეკრულებას კავშირის სახელით ხელს აწერს კავშირის  თავმჯდომარე ან მოადგილე.

16.6.  ფილიალებში უნდა შეიქმნას ფილიალის გამგეობა, რომლის წევრებსაც ირჩევს კრება და ამის შესახებ აცნობებს კავშირის გამგეობას. კრება თავდაპირველად ირჩევს ფილიალის თავმჯდომარეს, რომელიც ჩაითვლება გამგეობის წევრად, ხოლო შემდეგ კი გამგეობის დანარჩენ წევრებს 5 წლის ვადით, ან მომდევნო საარჩევნო ყრილობამდე. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადისა. ალტერნატივის შემთხვევაში ტარდება ფარული კენჭისყრა. ფარული კენჭისყრის წესს განსაზღვრავს და ამტკიცებს კავშირის გამგეობა.

   გამგეობის წევრთა რაოდენობას და კენჭისყრის სახეობას განსაზღვრავს კრება. ფილიალის თავმჯდომარის არჩევას ამტკიცებს კავშირის გამგეობა.

16.7. ფილიალის თავმჯდომარე  უნდა იყოს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად  გამოხატული შშმ უსინათლო, კავშირის წევრობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟით.

16.8. ფილიალის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ფილიალის  საქმიანობას. მას უფლება აქვს განკარგოს  ქონება, კავშირის გამგეობის მიერ დადგენილ ფარგლებში.

 

$17 წლიური ბალანსი და ანგარიში

17.1.    წლიურ ბალანსსა და ანგარიშს შეიმუშავებს კავშირის გამგეობა და წარუდგენს ყრილობას დასამტკიცებლად.

17.2.    ყოველი წლის ბოლოს კავშირის გამგეობა განიხილავს კავშირის ფინანსურ მდგომარეობას და ადგენს სავარაუდო ბიუჯეტს მომავალი წლისათვის. აღნიშნულ ბიუჯეტს ამტკიცებს ყრილობა.

 

$18 კავშირის ქონება

18.1.    კავშირის ქონება წარმოიქმნება:

ა) კავშირის წევრთა საწევრო შენატანებიდან;

ბ) დაფუძნებული ან მათი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული დივიდენდებისაგან.

გ) სხვა საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა შემოწირულობებისაგან.

დ) სხვა წყაროებიდან, რომლებიც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.

18.2.  კავშირის რეგისტრაციის მომენტისათვის უსინათლოთა საზოგადოების კუთვნილი ქონება წარმოადგენს კავშირის ქონებას.

18.3.   კავშირის ქონება გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის.

18.4.  კავშირის წევრები არ იღებენ არავითარ წილს კავშირის ქონებიდან. მიღებული ქონება მოხმარდება კავშირის მიზნებს.

18.5. კავშირის გამგეობა შემოსავლებიდან ქმნის სარეზერვო, საქველმოქმედო და სხვა ფონდებს.

 

$19 კავშირის ხანგრძლივობა

19.1. კავშირი შექმნილია და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

$20 კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

20.1. კავშირის რეორგანიზაცია (მიერთება, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

20.2.    კავშირის ლიკვიდაცია ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) გაკოტრებისას ან რეგისტრაციის გაუქმებისას;

ბ) თუ კავშირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

გ) ყრილობის გადაწყვეტილებით;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

20.3. კავშირიდან რომელიმე წევრის გასვლა არ გამოიწვევს კავშირის გაუქმებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წევრის გასვლა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული აუცილებელი რაოდენობის შემცირებას. ასეთ შემთხვევაში კავშირის წევრის გასვლის ძალაში შესვლამდე მიღებული უნდა იქნეს ახალი წევრი.

20.4.კავშირის ლიკვიდაციას ახორციელებს კავშირის გამგეობა. ლიკვიდაციის განხორციელება შეიძლება დაევალოს გამგეობის ერთ ან რამდენიმე წევრს.

20.5.კავშირის ქონების ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

20.6.კავშირის ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების მქონე არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას გამოიტანს კავშირის გამგეობა.

 

$21 დავის გადაწყვეტა

21.1.    კავშირის წევრებს, ასევე კავშირსა და მის წევრებს შორის წარმოქმნილი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.

21.2.    კავშირსა და მესამე პირებს შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

$22 დასკვნითი დებულებები

22.1.    ამ წესდების რომელიმე დებულების ბათილობა არ გამოიწვევს მთელი წესდების ბათილობას. იგივე წესი მოქმედებს, როდესაც წესდებაში რაიმე ხარვეზი იქნება დადგენილი.

22.2.    ბათილი დებულების მაგივრად, ან ხარვეზის შესავსებად შეთანხმებულ უნდა იქნას შესაბამისი მოწესრიგება, რომელიც მასთან უფრო ახლოა და სასურველია კავშირის წევრებისათვის, აგრეთვე შეესაბამება წესდების არსსა და მიზანს.

22.3.    წესდება მიღებულია 1998 წლის 10 დეკემბერს საზოგადოების XII მოწვევის III პლენუმის მიერ და ძალაში შევიდა სასამართლოში რეგისტრაციის დღიდან.

 

 

   სუ   კავშირის

    თავმჯდომარე                                             /ს. ხუციშვილი/