GBU.GE » საქართველოს უსინათლოთა კავშირი
საქართველოს უსინათლოთა კავშირი საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახით დაფუძნდა 1926 წელს, რომელიც 1998 წელს, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელახლა დარეგისტრირდა ა(ა)იპ ორგანიზაციის სახით. კავშირის პრიორიტეტული ამოცანა იყო და დღემდე რჩება უსინათლო და მცირემხედველ პირთა სოციალური დაცვა, მათი ფიზიკური, კულტურული, ინტელექტუალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. დღეისათვის ორგანიზაციას თბილისსა და რეგიონებში დაფუძნებული აქვს 15 ფილიალი, რომლებშიც გაერთიანებულია 3000 -მდე წევრი, რომელთა უდიდესი ნაწილი უსინათლო-მცირემხედველი ადამიანია. საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრი“, რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს უსინათლო ვაჟთა და ქალთა ფოლკლორული ანსამბლები, ხმის ჩამწერი სტუდია „ცოდნა“, ბიბლიოფონოთეკა, რედაქცია და ყოველთვიური ჟურნალი „სინათლე“. კავშირი ასევე არის 40-მდე საწარმოს დამფუძნებელი.
კავშირის მიზანია უსინათლო მოქალაქეთა გამოვლენა და მათი შესაძლო შრომითი, სამედიცინო, ინტელექტური, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება. უსინათლოთა შორის სოლიდარობის, ურთიერთგაძლიერების, მხარდაჭერის, ერთმანეთის საჭიროებების შესწავლა-პატივისცემის, უფლებებისა და ინტერესების დაცვის კულტურის დამკვიდრება.
ორგანიზაცია თანამშრომლობს, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებთან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.