სოფიკო ხუციშვილი

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი სოფიო ხუციშვილი

 

წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს საქართველოს უსინათლოთა კავშირის წინ სვლისა და განვითარების ჩემეულ გეგმას. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, აუცილებელია მისი განხილვა კავშირის გამგეობის წევრებთან ერთად და კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა მათი რეკომენდაციების საფუძველზე. პროგრამით გათვალისწინებული გეგმის განხორციელებაზე ვიმუშავებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამგეობის წევრებთან და სუ კავშირის ყველა თანამშრომელთან ერთად. მსურს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები არამხოლოდ აქ დასაქმებული პირები, არამედ დელეგატები და ზოგადად, წევრები. ქვემოთ უფრო დეტალურად წარმოგიდგენთ ჩემ ხედვას.

  1. ვფიქრობ, საჭიროა კომისიის შექმნა, რათა გააზრებული იქნას წესდების თითოეული პუნქტი. თითოეული მუხლი უნდა მოერგოს კავშირის გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც საფუძველს მოგვცემს, სუ კავშირის მართვის სისტემა დავუახლოვოთ მართვის თანამედროვე სტანდარტებს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, უკეთ უნდა იყოს დაცული როგორც ორგანიზაციის, ასევე თითოეული წევრის ინტერესები.
  2. იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ორგანიზაციის უწყვეტ განვითარებას, საჭიროა, გამუდმებით ზრუნვა დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ამასთან, სუ კავშირში შექმნილი ახალი საშტატო ერთეულების შესავსებად უნდა მოვიზიდოთ მოტივირებული და კვალიფიციური კადრები. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას, მეტად ფასეული, წლების განმავლობაში დაგროვილი თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება ეტაპობრივად გადავცეთ მომავალ თაობებს. ძველი და ახალი თანამშრომლების ცოდნისა თუ გამოცდილების გაერთიანების გზით, გაძლიერდება სუ კავშირის სამსახურები. შედეგად კი, ისინი უფრო ეფექტიანად და ნაყოფიერად მოემსახურებიან კავშირის წევრებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, აუცილებელია, კავშირის წევრთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება. მონაცემების შეგროვება წევრების საჭიროებების, განათლების დონის, სოციალური მდგომარეობისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ საშუალებას მოგვცემს, უკეთ ვუპასუხოთ წევრების წინაშე მდგარ გამოწვევებს და დავეხმაროთ მათ არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში. ორგანიზაციის ფილიალების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები კი უნდა იყოს მორგებული წევრების რეალურ საჭიროებებზე, რაც უკეთეს შედეგებს გამოიღებს ზოგადად უსინათლო ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.
  3. ამასთან, უმნიშვნელოვანესია რეგიონებში არსებული ფილიალების გაძლიერება და დონორებისგან მოძიებული სახსრების გადანაწილება რეგიონებში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საჭიროდ მიმაჩნია, რეგიონული ფილიალების წარმომადგენლობის გაზრდა სუ კავშირის გამგეობის შემადგენლობაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფილიალებთან მჭიდრო კომუნიკაციას. რეგიონულ ფილიალებს დახმარება უნდა გავუწიოთ პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში და ფინანსების მოძიებაში. მათი ზრდისა და განვითარების ტემპი არ უნდა ჩამორჩეს თბილისის ფილიალებს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც თბილისის, ასევე რეგიონის ფილიალები თანაბრად ძლიერები იყვნენ, რათა მათი საქმიანობის შედეგები თანაბრად აისახოს ორგანიზაციის თითოეულ წევრზე.
  4. უსინათლოთა კავშირის ფინანსურ დასაყრდენს წარმოადგენს მის დაქვემდებარებაში შემავალი საწარმოები და ქონება. მიმაჩნია, რომ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მართებული იქნება, მოვიწვიოთ ბიზნესის წარმოების სპეციალისტი. მას უნდა დაევალოს, შეისწავლოს საწარმოების პოტენციალი, ბაზრის მოთხოვნები და წარმოგვიდგინოს ეფექტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს კავშირის შემოსავლების ზრდას.
  5.  ამავდროულად, სუ კავშირმა უნდა იზრუნოს საკუთარი წევრების დასაქმებაზე, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ. მიმაჩნია, რომ ამისათვის საჭიროა, ორგანიზაციას ყავდეს კვალიფიციური დასაქმების კონსულტანტი, რომელიც მხარდაჭერას გაუწევს კავშირში დასაქმებულ პირებს მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში, ასევე მჭიდრო კომუნიკაციას დაამყარებს კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე პოტენციურ დამსაქმებლებთან წევრებისათვის შესაფერისი სამუშაო ადგილების მოსაძიებლად. დასაქმების კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება დასაქმების მსურველი წევრების სამუშაო უნარების გაუმჯობესებაზე.
  6. მოგეხსენებათ, დღესდღეობით, კულტურის ცენტრი დგას დიდი გამოწვევის წინაშე. რა თქმა უნდა, მას ჰყავს თავისი ხელმძღვანელობა, რომელმაც უკეთ იცის, მისი საჭიროებებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ, თუმცა მაინც მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული ხედვა, თუ როგორ შეიძლება იქნეს დაძლეული არსებული რთული მდგომარეობა. ვფიქრობ, შესაძლოა უკეთესი იყოს კავშირის გამგეობამ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობის ჩართულობით მოამზადოს ცენტრის საქმიანობის გარდაქმნა და ჩვენ ხელთ არსებულ შესაძლებლობებზე მორგება. ამ გზით, შევძლებთ მის შენარჩუნებასა და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტად გაძლიერებას. უმჯობესი იქნება, მოხდეს ხელოვნებისა და კულტურის ნიჭით დაჯილდოებული წევრების მოძიება, მათი განვითარება, გაძლიერება და შემდეგ დასაქმების ღია ბაზარზე ღირსეული წარდგენა. ამგვარი გამტარის ფუნქცია თავის თავზე სწორედ კულტურის ცენტრმა უნდა იტვირთოს. იგი უნდა წარმოადგენდეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერას ნიჭიერი უსინათლო წევრებისათვის.
  7. ხარისხიანი განათლება და წიგნიერება ჩვენი წევრებისათვის არის განვითარების უალტერნატივო გზა საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. უსინათლო ადამიანის უმთავრეს ძალას წარმოადგენს მისი ინტელექტი. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს წევრებს ხელი არ მიუწვდებათ სხვა ბიბლიოთეკებში არსებულ ლიტერატურაზე, აუცილებლად მიმაჩნია, გვქონდეს მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი, როგორც ბრაილის შრიფტით, ასევე აუდიო და ელექტრონული ფორმატითაც. საჭიროა, მჭიდრო კომუნიკაცია დავამყაროთ წიგნის გამომცემლობებთან, რათა დაიბეჭდოს და ჩაიწეროს თანამედროვე მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურა.
  8. დღეს არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, უსინათლოთა კავშირმა თავისი როლი უნდა შეასრულოს წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში. ვფიქრობ, საჭიროა შეიქმნას საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც დაეხმარება უსინათლო წევრებს იმ ბარიერების დაძლევაში, რომლებიც შეიძლება შეხვდეთ სხვადასხვა გარემოში მოხვედრისას. საკონსულტაციო ცენტრი უნდა აერთიანებდეს ფსიქოლოგს, ორიენტაციისა და მობილობის ტრენერსა და რეაბილიტაციისათვის სხვა საჭირო მომსახურებებს.
  9. ასევე, საჭიროა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კავშირმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს უცხო ქვეყნების უსინათლოთა კავშირებთან და მსგავსი პროფილით მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან. უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები. მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომელთა მივლინება, რათა უფრო ახლოს გავიცნოთ იქ არსებული წარმატებული მაგალითები და ჩვენთან არსებული რეალობის გათვალისწინებით, დავნერგოთ ისინი.  უსინათლო ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად თითოეული მათგანის  საჭიროებებზე მორგებული დამხმარე საშუალებებით აღჭურვა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს უსინათლოთა კავშირმა უნდა ითანამშრომლოს დამხმარე საშუალებების, ე.წ. ტიფლო ტექნიკის მწარმოებლებთან, რათა ადგილზე განთავსდეს მათი პროდუქციის საჩვენებელი მოდელები და სურვილის შემთხვევაში, საჭირო ტექნიკის მოწოდება მოხდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.
  10. ჩემი აზრით, საქართველოს უსინათლოთა კავშირი უნდა გახდეს ყველაზე მეტად ანგარიშ გასაწევი ორგანიზაცია უსინათლოთა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე კერძო სექტორთან მათთვის ჩვენი წევრების ხმის მისაწვდენად და ჩვენი უფლებების დასაცავად. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს სახელმწიფოსთან უსინათლო ადამიანების საჭიროებებზე მორგებული სერვისისა და გარემოს უზრუნველსაყოფად.
  11. იმისათვის, რომ კავშირის საქმიანობის შესახებ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს წევრებს და გავუწიოთ მათ საჭირო დახმარება, უნდა ამოქმედდეს ცხელი ხაზი, რომლის გამოყენებითაც წევრები მიიღებენ ინფორმაციას მიმდინარე პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ, სურვილის არსებობის შემთხვევაში, გაივლიან უფასო იურიდიულ კონსულტაციას და მიიღებენ სხვადასხვაგვარ მხარდაჭერას. აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია ორგანიზაციას ჰქონდეს აქტიური და მუდმივად განახლებული ვებგვერდი, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია და სიახლეები: კანონმდებლობის, თანამედროვე ტექნოლოგიების, სამედიცინო მიღწევების, სოციალური დახმარებისა და სახელმწიფოში არსებული სხვა მომსახურებების შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, კავშირის თავმჯდომარეს აქვს აღმასრულებელი ფუნქცია. ხოლო გადაწყვეტილებებს კავშირის გამგეობა იღებს. ამრიგად, ვიმედოვნებ, ძლიერ გამგეობასთან ერთად, მოვახერხებ ჩემი პროგრამის განხორციელებას. ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობისას, გათვალისწინებული იქნება გამგეობის წევრთა მოსაზრებები.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED