საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის განცხადება

190381_278920315560857_17396675_nგვსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ ერთ სამწუხარო ტენდენციას, რომელიც ქართულ მასმედიაში არცთუისე იშვიათად იჩენს თავს.
ამა წლის 22 აპრილს ტელეკომპანია “იმედის~ ეთერით “იმედის კვირაში გადაიცა სიუჟეტი თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში მომხდარ დრამატულ ინციდენტზე, რა დროსაც ერთერთი მოსწავლე მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ჩვენ თავს ვიკავებთ ამ ფაქტის შეფასებისგან, მითუმეტეს, რომ მას კომპეტენტური ორგანოები იძიებენ. გვსურს მხოლოდ ერთ, რბილად რომ ვთქვათ, ჟურნალისტურ ლაფსუსზე მივაპყროთ ყურადღება, რაც საზოგადოების დაბნეულობას იწვევს.
როცა სიუჟეტის ავტორი ცდილობს გაარკვიოს ამ ქმედების მიზეზი, ერთერთი რესპოდენტი, რომელსაც სახე დაფარული აქვს, აცხადებს: “ამ ბავშვებს ყველაფერი აინტერესებს, იმის იქით რა ხდება, საერთოდაც ვერ აღიქვამს, რომ იმის იქით არის სიმაღლე. ჰგონია, თუ ფეხს გადადგამს, იმას იზამს, მიწაზე დაადგამს~. (სტილი დაცულია) უფრო ქვემოთ ჟურნალისტი ამბობს: `ცამეტი წლის მოზარდი ვერაფერს ხედავს. ის ფანჯრის რაფაზე ადის და ნაბიჯს დგამს.
ამ არაკომპეტენტურად მოწოდებულ ინფორმაციაში, აღსაზრდელები ერთერთი უძველესი სასწავლებლისა, რომელსაც წამყვანი ხან `პანსიონად~ და ხანაც `პანსიონატად~ მოიხსენებს, გამოდიან როგორც არაადექვატურნი და არაქმედუნარიანები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხედველობის არმქონე ადამიანს სივრცითი ორიენტაციასთან ერთად, გარემოს აღქმის და საერთოდ მენტალობითი პრობლემებიც ახასიათებთ. ეს მაშინ, როცა ზემოხსენებული სკოლის კურსდამთავრებულნი წარმატებით საქმიანობენ მუსიკის, ლიტერატურის თუ განათლების სხვადასხვა სფეროში. საქმე ის გახლავთ, რომ სიუჟეტის ავტორმა არ იცის, ან უბრალოდ საჭიროდ არ თვლის აღნიშნოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება მრავლობითი დარღვევების მქონე აღსაზრდელს, რომელიც შინაგანაწესის მიხედვით განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს. ტელეჟურნალისტის პოზიცია გასაგებია- ის ამ კატეგორიის ადამიანთა მხარდაჭერას ისახავდა მიზნად, მაგრამ საქმეში გაურკვევლობის გამო დისკრიმინაცია კი გამოუვიდა.
საქართველოს უსინათლოთა კავშირი, როგორც მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე მომუშავე უძველესი ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ამ სამწუხარო გაუგებრობის გამო, მიაჩნია, რომ ამგვარი არაკომპეტენტური განცხადებები ხელს უწყობს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ სტიგმის ჩამოყალიბებას და აფერხებს მათ ინტეგრაციის პროცესს, რაც დემოკრატიული მშენებლობის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამასთან მოუწოდებს მასმედიის წარმომადგენლებს მსგავსი თემების გაშუქებისას მეტად ჩაუღრმავდნენ საკითხის არსს,, ვინაიდან მათ უდიდესი როლი ენიჭებათ შშმ პირთა მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

კავშირის თავმჯდომარე რევაზ მაისურაზე.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED