საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის განცხადება

190381_278920315560857_17396675_nინტერნეტ გამოცემა „ლიბერალის“ მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომელიც ეხება საქართველოში მცხოვრებ ყოველ უსინათლო მოქალაქეს:
მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ინიციატივით, რომელთა შორის არის უსინათლოც, განხორციელდა მცდელობა პრემიერმინისტრის კანცელარიაში ბრაილის შრიფტით დაწერილი განცხადების ჩაბარებისა . მსგავსი ფაქტი გამეორდა თბილისის მერიის კანცელარიაშიც ( ვიდეომასალა განთავსებულია ლიბერალის ვებ გვერდზე http://liberali.ge/videos/view/1140/video ) . ზემოხსენებული აქციის მონაწილეებს ამ ქმედებით სურდათ ბრაილის შრიფტით დაწერილი დოკუმენტების ლეგიტიმაცია.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობა ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს ჩვენი პრობლემებით დაინტერესებულ ადამიანებთან, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ეთანხმება უსინათლოთა უფლებების ამ ფორმით „დაცვას“.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში მცხოვრები უსინათლო მოქალაქეების წინაშე გადაუჭრელ პრობლემებს შორის პრიორიტეტი ენიჭება უფრო აქტუალურ და აუცილებელ საკითხებს,მაგალითად:
1. უსინათლო მოქალაქეებს პრაქტიკულად აკრძალული გვაქვს იუსტიციის სახლებში სხვა და სხვა სახის გარიგებების რეგისტრაცია და საერთოდ ამა თუ იმ მომსახურების მიღება.
2. სანოტარო მომსახურებისას ილახება ჩვენი უფლება ვიყოთ სანოტარო აქტის უშუალო მონაწილე და დაცული იქნას გარიგების კონფიდენციალობა.
3. შეზღუდულნი ვართ სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღებაში.
ზემოთ აღნიშნული აქციის მონაწილეთა მოთხოვნას არ ვიზიარებთ შემდეგი გარემოეებების გამო:
1. ბრაილის შრიფტით შესრულებული და „ხელმოწერილი“ განცხადებით შეუძლებელია კონკრეტული პირის იდენტიფიცირება;
2. ბრაილის შრიფტი არის უსინათლო პირის მიერ ინფორმაციის წერილობით მიღებისა და გაცემის ერთერთი და არა ერთადერთი საშუალება. 21-ე საუკუნეში უპირატესობა ენიჭება ციფრულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.
3. გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციაში საერთოდ არ არის ნახსენები ბრაილის შრიფტი, ვინაიდან კონვენციაც ორიენტირებულია ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელ დამხმარე საშუალებებზე.
ჩვენი აზრით, ზემოთ აღნიშნული ფორმით უსინათლო მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ერთი მხრივ, არის ეპატაჟისათვის მოფიქრებული აქცია, ხოლო, მეორე მხრივ, მსგავსი ქმედება, ნაცვლად უსინათლო მოქალაქეთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა, გამოიწვევს მათ მარგინალიზებას.

 

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED