საარჩევნო პროგრამა

საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი თამაზ მუქერია

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქმიანობა იქნება ორიენტირებული მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივ და სოციალურ დაცვაზე, თითოეული უსინათლო წევრის კეთილდღეობაზე, მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. აგრეთვე, იმ პირების წარმატებული საქმიანობის წახალისებაზე, ვინც გვერდში უდგას უსინათლოებს ყოველდღიურ საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორგანიზაციის საქმიანობასა და განვითარებაში.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის სამოქმედო გეგმა

დიალოგის გამართვა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ადამიანის უფლებების ომბუდსმენის, სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეებთან, მათთან თანამშრომლობა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაწყვეტად. მუშაობა ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:

1. გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციისა და 2020 წლის საქართველოს კანონის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ მოთხოვნათა აღსრულების პროცესის დაჩქარება, დიალოგი და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა გაეროს კონვენციასთან. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა.

2. შეზღუდული შესაძლებლობების  პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2021 – 2035 წლების დამტკიცებული სამთავრობო გეგმის სრულად ამოქმედება, რაც მოგვცემს  სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლის საშუალებას.

3. შრომის უფლების რეალიზებისათვის საკანონმდებლო  დონეზე მექანიზმებისა და რეგულაციების შემუშავება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებისათვის.

4. საქართველოს უსინათლოთა კავშირის ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში სატრანსფერო თანხების გათვალისწინება, ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული მრავალ ქვეყანაში.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, ასევე პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6. სხვადასხვა სამინისტროში შიდა საუწყებო დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების გაუქმებისათვის ზრუნვა, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის უსინათლო ადამიანებს სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს.

7. უსინათლო ადამიანებისათვის სრულყოფილი გადაადგილებისათვის და ცხოვრებისათვის, ადაპიტირებული გარემოს შექმნა.

8. დღეის მდგომარეობით საქართველოს უსინათლოთა კავშირში არსებული დაუკანონებელი ქონების დაკანონება, მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა.

9. საქართველოს უსინათლოთა კავშირის საწარმოებისათვის ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალური მეწარმეობის განვითარება.

10. საქართველოს უსინათლოთა კავშირის რეგიონული ფილიალების ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, უსინათლო ადამიანების სხვადასხვა პროექტში ჩართვა, სოციალური სერვისებისა და სოციალური პროგრამების განხორციელება.

11. საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ სხვადასხვა პარტნიორებთან დადებული სახელშეკრულებო ვალდებულებების ანალიზი, შემოსავლების მოწესრიგება, ორგანიზაციის ფინანსური შემოსავლების ზრდა.

12. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დათვლილი ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის დონე განისაღვროს როგორც დაუბეგრავი მინიმუმი მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და ამ გარემოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ასახვის მიზნით.

13. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს განვითარება.

14. საქართველოს უსინათლოთა კავშირის ახალგაზრდა წევრთა სხვადასხვა პროექტებში ჩართვა, მათი პროფესიული და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, მომზადება და გადამზადება, შემდგომში საქართველოს უსინათლოთა კავშირის სტრუქტურებში დასაქმების მიზნით.

15. საქართველოს უსინათლოთა კავშირში მოქმედი სხვადასხვა სოციალური პროგრამების დახვეწა და მათი გაფართოება.

16. უსინათლო სპორტსმენების მომზადება და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა როგორც ორგანიზაციაში არსებულ სპორტის ტრადიციულ სახეობებში, ასევე ადაპტური სპორტის სხვა სახეობების დანერგვასა და განვითარებაში.

17. უსინათლო ადამიანების დასვენების და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის პირობების გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა,  საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED