მერიამ უსინათლოთა კავშირს პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა

braili-735x400დედაქალაქის მერიამ უსინათლოთა კავშირს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა. უკვე ექვსი წელია, გაზეთ „პრაიმტაიმის“ თითოეული ნომერი უსინათლოთა კავშირისთვის ბრაილის შრიფტით იბეჭდება. ეს ერთადერთი და პირველი გაზეთია საქართველოში, რომელსაც უსინათლოები ყოველკვირეულად ეცნობიან, იღებენ ინფორმაციას და შემდეგ ამაზე მეორე კვირის ორშაბათამდე მსჯელობენ. მერიის გადაწყვეტილებით, უსინათლოებისთვის ინფორმაციის მიწოდება დღეიდან პროექტის დაუფინანსებლობის გამო გაჩერდა. მერიის მხრიდან გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდის მკაცრი გაკონტროლებით ხსნიან, ეს არგუმენტი თავად უსინათლოთა კავშირისთვის სრულიად მიუღებელია. „პრაიმტაიმის“ დამფუძნებლის თაკო ფხაკაძის გადაწყვეტილებით, გაზეთის ბრაილის ვერსია ერთწლიანი წყვეტის შემდეგ თავად გაზეთის სახსრებით აღდგება. თამარ ფხაკაძე, „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი: – როდესაც 2009 წელს გაზეთ „პრაიმტაიმის“ შექმნის იდეა მომივიდა, მაშინ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა რაიმე საინტერესო სოციალური პროექტი. როდესაც „პრაიმტაიმი“ ბრაილის შრიფტით იბეჭდებოდა, პოლონელები გვყავდნენ სტუმრად, რომლებიც სწორედ უსინათლოთა საზოგადოებიდან იყვნენ და მათ აღნიშნეს, რომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ყოველკვირეული გაზეთი ნოვაცია იყო, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული გახლდათ. დღეს ბევრი იდეა ჩნდება, როგორ უნდა მოხდეს უნარშეზღუდული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება, სწორედ ამიტომ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა, როდესაც მერიამ პროექტის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. ერთი წლის წინათ დასრულდა ჩვენი პროექტის დაფინანსება მერიიდან. ჩვენ ხელახლა შევიტანეთ პროექტის დაფინანსებაზე განაცხადი. მერია უსინათლოებს ურიცხავს კონკრეტულ თანხას, უსინათლოთა კავშირს აქვს ბრაილის შრიფტის სტამბა, თავად სტამბაში დასაქმებულები არიან უსინათლოები. როდესაც ჩვენი პროექტი დაიწყო, მაშინ სტამბაში ბატონი სიმონი მუშაობდა. მოგვიანებით ბატონი სიმონი ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების გამო მისმა ქალიშვილმა ჩაანაცვლა. მერიამ განაცხადა, რომ სარეზერვო ფონდიდან ფულის გაცემა ძალიან მკაცრად კონტროლდება და ამ ეტაპზე მერიას არ გააჩნია თანხა აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად. მერიის პასუხს ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით და სწორედ ამიტომ უსინათლოთა კავშირისთვის ერთი წლის განმავლობაში ჩვენი გაზეთი არ იბეჭდებოდა. ძალიან ვნანობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მინდობილი ვიყავი მერიაზე და მათ პასუხს ველოდებოდი. ამისთვის პირადად მე, თაკო ფხაკაძე. უსინათლოთა კავშირს ვუხდი ბოდიშს და ვპირდები, რომ ამ ნომრიდანვე ჩვენი საკუთარი გაზეთის სახსრებით აღდგება ბრაილის შრიფტით გაზეთის ბეჭდვა. ძალიან სამწუხაროა, როცა დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ მათ უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვთ, ვიდრე უსინათლოთა კავშირია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით, მერია არ არის მართალი, ისინი არ არიან ორიენტირებულები თანამედროვე ცხოვრებაზე, არ არიან ორიენტირებულები სოციალურ პროექტებზე, არ არიან ორიენტირებულები იმაზე, რომ დღეს უნარშეზღუდული ადამიანების ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში. ზოგადად, ყველა ქვეყნის დონე დღეს იმით განისაზღვრება, რამდენად არიან საზოგადოებაში ინტეგრირებული უნარშეზღუდული ადამიანები. ვიცი, რომ უსინათლოთა კავშირში მათ ჰყავთ ფავორიტი ჟურნალისტები „პრაიმტაიმში“ და ვპირდები, რომ მათ მასალებს არ მოვაკლებ. უკვე ეს ნომერი „პრაიმტაიმის“ ხარჯებით დაიბეჭდება ბრაილის შრიფტით. როგორც თავად უსინათლოთა კავშირში აცხადებენ, „პრაიმტაიმი“ ნოვატორი აღმოჩნდა სოციალურ პროექტებში, რადგან აქამდე არც ერთ გამოცემას მსგავსი იდეა არ გასჩენია, გარდა იმისა, რომ მიმდინარე სიახლეები ამ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი სწორედ 2009 წლიდან გახდა. ბრაილის სტამბას თავად უსინათლოთა კავშირი ფლობს, შესაბამისად, „პრაიმტაიმის“ ბრაილის ვერსიის შექმნაზეც თავადვე ზრუნავდნენ. დღეს ეს ადამიანები, ინფორმაციული ვაკუუმის გარდა, უმუშევართა რიცხვსაც შეუერთდნენ. ხათუნა გოგიძე: „ჩვეულებრივ მხედველ ადამიანს გაზეთების, წიგნების, ჟურნალების ფართო არჩევანი აქვს, ჩვენ კი ეს ერთადერთი გაზეთი მოგვეწოდებოდა, რომელიც ჩვენთვის ძალიან სასურველი იყო. წარმოიდგინეთ, მხედველს თუ აქვს უფლება, არჩევანი გავაკეთოს და წაიკითხოს ის, რაც მას სურს, მე ინფორმაციის ერთადერთ წყაროს რატომ მისპობ? ამ გაზეთის არსებობით ჩვენ ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანებთან ვთანაბრდებოდით.ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი მუშაობს და ოჯახში ხელფასი შეაქვს, ამ დროს ის წელგამართულია. „პრაიმტაიმის“ ბრაილის ვერსია საქართველოს რეგიონებშიც იგზავნებოდა. იქ ძველ ნომრებსაც კი ზუსტად ისეთივე სიხარულით ელოდებოდნენ, როგორც ახალს, რადგან მათთვის ეს ერთადერთი წყარო იყო ინფორმაციის მიღებისა. ამირან ღოღაძე, უსინათლო: – ჩვენ „პრაიმტაიმს“ საინგილოშიც კი ვაგზავნიდით. სკოლაში გვყავდა ბავშვი საინგილოდან, რომელიც იხვეწებოდა, „პრაიმტაიმი“ გამოგვიგზავნეთო. ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც გეტყვით, სულერთია, გაზეთს დაგვიბეჭდავენ თუ არაო. ეს თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იყო. „პრაიმტაიმი“ თემატურად ძალიან მდიდარია, მრავალფეროვანი, ყველანაირი მკითხველისთვის საინტერესოა. გარდა ამისა, როდესაც მოსაუბრეს კონკრეტულ თემაზე საუბრისას მაგალითს მოვუყვანდი და ვეტყოდი, ეს „პრაიმტაიმში“ წავიკითხე-მეთქი, საზოგადოების თვალში ეს რაღაცნაირად გვამაღლებდა. სასურველია, „პრაიმტაიმის“ დაბეჭდვა კი არ შეგვიწყვიტონ, არამედ სხვებმაც მიჰბაძონ „პრაიმტაიმს“. როგორც თავად უსინათლოები აცხადებენ, ხელის შეხებით კითხვა მათთვის მკურნალობის ტოლფასია, რადგან ნერვულ სისტემას ამშვიდებს… გაზეთს კი ასეთ დროს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს, რადგან მათი უმრავლესობა ტელევიზორისა და რადიოს მოყვარული ნაკლებად არის. თამილა აბაშია, უსინათლო: „მთავრობა ქამრების შემოჭერაში ჩვენს ვაკუუმში მოქცევას თუ გულისხმობს, ეს ქამარი კი არა. ჩვენთვის განკუთვნილი ყულფი უფროა. ძალიან გული მწყდება. რომ ბევრად მეტი თანხა იხარჯება უსარგებლო პროექტებში. ჩვენი პროექტის შეწყვეტის ხარჯზე ვიღაცის შიმშილის პრობლემას რომ უგვარებდნენ, ხმას არ ამოვიღებდით და მოვითმენდით, ისევე როგორც ვითმენდით „პრაიმტაიმის“ ბრაილის შრიფტით დაბეჭდვამდე, მაგრამ დღეს, როდესაც აღარავინ იმყოფებოდა ინფორმაციულ ვაკუუმში, მაინცდამაინც მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი? ესეც რომ არა, ბრაილით კითხვა ჩვენთვის მკურნალობის ტოლფასია, ნერვულ სისტემას ამშვიდებს, აწყნარებს. „პრაიმტაიმი“ მერიის პასუხს პროექტის გაგრძელების შესახებ ზუსტად ერთი წლის განმავლობაში ელოდებოდა. ერთწლიანი ლოდინის შემდეგ კი უარი მიიღო. მიზეზი სარეზერვო ფონდის მკაცრი კონტროლი აღმოჩნდა. რატი იონათამიშვილი, თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს ხელმძღვანელი: „მინდა, იცოდეთ, რომ მხარს ვუჭერ თქვენს პროექტს და გულით მინდა მისი განხორციელება, მაგრამ პრობლემები მექმნება იმიტომ, რომ კანონმდებლობით მხოლოდ შესყიდვებით შეიძლება მერიამ ეს დააფინანსოს, ანუ ტენდერი უნდა გამოცხადდეს (ვინაიდან გრანტის გამცემი არ არის) და ტენდერზე რა იქნება, წინასწარ ვერ იტყვი. ადრე მსგავსი პროექტები სარეზერვო ფონდიდან ხორციელდებოდა. ანუ სარეზერვო ფონდიდან თანხის გაცემა არ კონტროლდებოდა და წინა წლებში მილიონობით ლარი იყო გახარჯული, ამიტომ მაშინ არ ითხოვდნენ არც ანგარიშებს და არც ფინანსურ დოკუმენტაციას, ახლა სარეზერვო ფონდიდან თანხის გადარიცხვის საკითხი მკაცრად კონტროლდება და იქიდან საგანგებო სიტუაციის გარდა, რამის დაფინანსება ფაქტობრივად, შეუძლებელია. მოკლედ, ბევრ რამეზე გვეშლება ამით ხელი, მე მაქვს იდეა, რომელსაც ახლა ვამუშავებთ და მომავალ წელს, ანუ 2016 წელს, დიდი შანსია, მერიამ დააფუძნოს ფონდი, რომელიც უკვე შეძლებს გრანტების გაცემას და ვფიქრობ, ეს ამ პრობლემას გადაჭრის. თუმცა ჯერ ტენდერს ვერ ვაცხადებთ, სწორედ ამიტომ ვამუშავებდი ყველანაირ ვარიანტს“.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED