ესმა გუმბერიძე

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ესმა გუმბერიძე

 

კავშირის წესდებიდან გამომდინარე თავმჯდომარეს პირველ რიგში ეკისრება ორგანიზაციისა და მისი წევრების წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა კავშირს გარე სუბიექტებთან (ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, კერძო პირებთან, სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან). შესაბამისად ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება უსინათლოთა საჭიროებების გაჟღერება, უსინათლოთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა. აღნიშნულს კი ვაპირებ პირველ რიგში უსინათლოთა კავშირის გამგეობასთან და ფილიალებთან მუდმივი კონსულტაციის დროს გამოვლენილი მიმართულებებით. თუმცა რამდენიმე მიმართულებას, რომელთა პრობლემურობა გამოიკვეთა უკვე კარგახანია, ჩამოვთვლი:

  1. წარვმართავ ლობირებას პარლამენტთან, რათა მან მიიღოს უსინათლოთა მიერ ნებისმიერ დოკუმენტზე დამოუკიდებლად ხელმოწერის ნებადამრთველი კანონმდებლობა. პარლამენტის მიერ ამ კანონმდებლობის მიღების დაჩქარების ხელშესაწყობად უზრუნველვყოფ საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებისადმი მიმართვას. უსინათლოებისთვის დოკუმენტებზე დამოუკიდებლად ხელმოწერის აკრძალვა ჩვენი ქმედუნარიანობის შეზღუდვაა. მის დასაბრუნებლად ბრძოლას წარვმართავთ შშმ პირთა და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე სხვა ამ კანონმდებლობის შეცვლით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან (მაგ. კიდურების არმქონე ან ცერებრული დამბლის შორს წასული ფორმის მქონე ადამიანებთან) ერთად.
  2. უსინათლოთა კავშირს ჩავაყენებ შშმ პირთა, მათ შორის უსინათლოთა, მასობრივი დასაქმების უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მისაღებ ბრძოლაში. (იგულისხმება შრომითი კანონმდებლობის რეფორმა, რომლითაც დამსაქმებლებს დაეკისრებათ ვალდებულება, სამუშაო ადგილთა გარკვეული რაოდენობა/პროცენტული წილი გამოუყონ შშმ პირებს, რასაც დასაქმების ადგილას შშმ პირთა სავალდებულო კვოტირება ეწოდება)
  3. გავაგრძელებ ჩემ მიერ ამა წლის იანვარ-თებერვალში ინიცირებულ და წამოწყებულ კამპანიას ასაკობრივი პენსიის პარალელურად შშმ პირთა სოციალური კომპენსაციის (პენსიის) მომატებისთვის ბრძოლას. უსინათლოთა კავშირს აქვს უდიდესი ადამიანური და ფინანსური რესურსი, რომლის მობილიზებაც დაგვეხმარება შედეგის მიღწევაში, რაც არგებთ როგორც უსინათლოებს, ისე სხვა შშმ პირებსაც. ეს კი წარმოგვაჩენს უსინათლოებს, როგორც შშმ პირთა თემის თვალსაჩინო წევრებს, რაც ასე გვაკლია დღეს.
  4. მაქვს რა კავშირები ჟურნალისტებთან, ვიმუშავებ უსინათლოთა კავშირის პოპულარიზაციის, უსინათლოთა მოძიებისა და გაწევრიანების მიმართულებით. ასევე წარვმართავ საინფორმაციო კამპანიას უსინათლოთა სკოლის არსებობის შესახებ.
  5. შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან ერთობლივად ვიმუშავებთ პარლამენტთან, რათა საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება და მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) დასაქმებულები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ წელიწადში 15 და არა 6 ათას ლარამდე შემოსავლის მიღებისას, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსის მქონენი (მე-2 ჯგუფი) წლიური 3 ათასის ნაცვლად 10 ათასამდე. ასევე ვიმუშავებთ შემოსავლების სამსახურთან ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების პროცედურის გასამარტივებლად.
  6. საქართველოს უსინათლოთა კავშირი არის კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ წევრი. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში აერთიანებს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე 26 ორგანიზაციას. (მათ შორისაა უსინათლოთა და ყრუთა კავშირები, დღის ცენტრები, შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა მშობლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით). მე ვიმუშავებ, რათა კავშირის წარმომადგენელი ჩაერთოს კოალიციის გადაწყვეტილების მიღების შიდა პროცესებში, გახდეს მისი გამგეობის წევრი და მისთ. ეს ისევდაისევ გაზრდის უსინათლოთა ხილვადობას, ჩვენი საჭიროებებისა და ინტერესებისადმი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურადღებას.
  7. უსინათლოთა კავშირი აქტიურად იქნება წარმოდგენილი შშმ პირთა საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბიზნესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრებზე, ასევე საკონსულტაციო საბჭოებსა თუ სამუშაო ჯგუფებში. ჩვენ აქტიურად დავწერთ კომენტარებსა და ჩვენს ხედვას უსინათლოებთან დაკავშირებულ სამთავრობო სამოქმედო გეგმებზე. მე ასევე შეტანილი მაქვს განცხადება ქ. თბილისის მერთან არსებულ შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრობაზე. წევრად ჩემი დანიშვნის შემთხვევაში პირდაპირ ვიმუშავებ აღნიშნული საბჭოს უსინათლოთა მიმართულებით გააქტიურებისკენ. მათ შორის დავსვამ შემდეგ საკითხებს:
    1. უსინათლოს გამცილებელთა პროგრამის გაფართოება და მათი რაოდენობის გაზრდა. (ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყება არამხოლოდ თბილისში, არამედ, საჭიროებისდა მიხედვით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში).
    1. ავტობუსებში გაჩერებების გამოცხადება.
    1. ხმოვანი შუქნიშნების დაყენება ეტაპობრივად მთელ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.
    1. დავსვამ საკითხს მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა გადამზადების თაობაზე უსინათლო მოქალაქეთა მომსახურების საკითხში, რათა შეწყდეს ჩვენ მიმართ დღეს ზოგიერთ დაწესებულებაში დამკვიდრებული შეურაცხმყოფელი მიმართვები, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, აგდებული დამოკიდებულება.

შენიშვნა, ზემოთჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ იმ შემთხვევაშიც, თუ თბილისის მერთან შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოში პირადად მე არ დავინიშნები წევრად. ეს შესაძლებელი იქნება სხვა მექანიზმებითაც.

  • უსინათლოთა კავშირი იმუშავებს უსინათლო სტუდენტთა ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. პირველ რიგში განათლების სამინისტროსთან და უმაღლეს სასწავლებლებთან მოლაპარაკების გზით, უნივერსიტეტებში უნდა გაჩნდნენ სასწავლო გარემოს მისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც შშმ სტუდენტთან იმუშავებენ, გაარკვევენ მის საჭიროებებს, დააკვალიანებენ, აუხსნიან ამ საჭიროებებს ლექტორებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ეს საკითხი უსინათლოთა გარდა სხვა შშმ პირებსაც აწუხებთ, ამიტომ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან კოალიციური აქტიურობა იქნება შესაძლებელი, რაც წარმატების შანსებს გაზრდის. ასევე პარლამენტთან ვიმუშავებთ, რომ მან მოახდინოს მარაქეშის შეთანხმების რატიფიცირება. ამ შეთანხმების ჩვენს ქვეყანაში კანონად ქცევა უზრუნველყოფს, რომ ლექტორები უსინათლო სტუდენტს უარს ვეღარ ეტყვიან სახელმძღვანელოს ვორდის ან პდფ (გამხმოვანებელი პროგრამისთვის წაკითხვადი ფორმატებია) ფორმატში გადაცემაზე იმ შიშით, რომ გამომცემლობა პრობლემებს შეუქმნით საავტორო უფლებების დარღვევის საფუძვლით. გაეროს შშმ პირთა კომიტეტმა უკვე კითხა საქართველოს სახელმწიფოს, როდის აპირებენ ამ საერთაშორისო შეთანხმების მიღებას, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობას წარმატების შანსი აქვს.
  • მისაღებია ინფორმაციის მისაწვდომ ფორმატში მიწოდების ვალდებულების განმსაზღვრელი კანონმდებლობა (ეს დასაქმებასაც შეუწყობს ხელს, რადგანაც ბევრი უსინათლო დღეს იმიტომ ვერ საქმდება, რომ წიგნები, რომლებიც მან უნდა დაამუშავოს, არ არის პროგრამისთვის მისაწვდომ ფორმატში და ვერც შიდა სამუშაო სისტემებს იყენებს დამოუკიდებლად ბევრი გრაფიკისა და დასკანირებული მასალის გამო).
  • განსავითარებელი და გასაუმჯობესებელია გამხმოვანებელი პროგრამებიც, ისე რომ მათი მეშვეობით შესაძლებელი იყოს დასკანირებული ტექსტის გაცნობა.
  • დღეს საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში მისაწვდომ ფორმატებში არსებულ წიგნთა (მაგ. აუდიო ან პდფ ელექტრონულ/ტექსტურ ფორმატში) თავმოყრაა საჭირო 1 ინტერნეტსივრცეში, სადაც უსინათლო მარტივად შეძლებს ამ წიგნების მოძიებას ქვეყნის ნებისმიერი დასახლებიდან დისტანციურად და მარტივად გაცნობა–გამოყენებას. აღნიშნული ბაზა უნდა მოიცავდეს საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებსაც.
  •  
  • უსინათლოთა კავშირი აქტიურად მოიძიებს გაცვლით პროგრამებს ჩვენი ახალგაზრდების ჩასართავად როგორც სასწავლო, ასევე მოხალისეობრივსამუშაო მიმართულებით.
  • მუშაობა, რომ შეიქმნას და სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს დამოუკიდებელი ცხოვრების შემსწავლელი (მობილობა-ორიენტაცია, ქალაქში გადაადგილება, სახლის მოვლა, საჭმლის მომზადება, ტექნიკასთან ურთიერთობა) პროგრამები. აღნიშნული განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც მოგვიანებით დაკარგა მხედველობა და ვისაც არასდროს უსწავლია უსინათლოთა სკოლაში.

რაც შეეხება უსინათლოთა კავშირის შიდა მმართველობით პროცესებს, პირველ რიგში გასაუქმებელია თავმჯდომარის ყოველი მორიგი არჩევნების შემდეგ ყველა არაარჩევით თანამდებობაზე ხელახალი შესარჩევი კონკურსების გამოცხადების პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსს, რომლის მიხედვითაც 30 და მეტი თვის განმავლობაში ერთგვაროვანი სამუშაოს შესრულების შემდეგ ითვლება, რომ ადამიანი უვადოდაა დასაქმებული. ეს კი ნიშნავს, რომ კანონით ასეთი თანამშრომლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მისი სურვილის ანდა მის მიერ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED