ორგანიზაციის ისტორია

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ისტორია

საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება (ამჟამად_ საქართველოს უსინათლოთა კავშირი) არის უძველესი არასამთავრობო ორგანიზაცია სსაქართველოში.
მეოცე საუკუნის 20- იანი წლებიდან უსინათლო ენთუზიასტთა ერთმა ჯგუფმა დაიწყო ზრუნვა უსინათლოთა ორგანიზაციული გაერთიანების დასაფუძნებლად. 1926 წლისათვის უკვე ასამდე უსინათლო იყო რეგისტრირებული და შესაძლებელი გახდა უსინათლოთა საერთო კრების მოწვევა. 1926 წელს სწორედ ამ კრებაზე იურიდიულად გაფორმდა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება, რომლის პირველ თავმჯდომარედ ავთანდილ ციხიშვილი აირჩიეს.
ცალკეულ ენთუზიასტთა ძალისხმევა საკმარისი არ იყო. სახელმწიფო სუბსიდიები არ არსებობდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები გრძნობდნენ, რომ გარკვეულ შემოწირულობათა გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდნენ. გადაწყდა, რომ გამოეცხადებინათ ეგრეთწოდებული “სამდღიური”. ეს უკიდურესი ნაბიჯი იყო იმდროინდელი პირობებიდან გამომდინარე. სამი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში მოძრაობდნენ აქტივისტები – ხელში ყუთებით და მკერდზე წარწერით: “დაეხმარეთ უსინათლოთა საზოგადოებას”.
საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა, რამაც შესაძლებელი გახადა გახსნილიყო ახალი საამქროები.
1929 წლისათვის ჯაგრისების საამქროში უკვე 20 უსინათლო მუშაობდა.
ბუნებრივია, მხოლოდ თბილისის უსინათლოთა ორგანიზაცია ქვეყნის უსინათლოთა საერთო პრობლემებს ვერ გადაჭრიდა. შეიქმნა რაიონული ორგანიზაციები: გორში, სიღნაღში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, სოხუმში, ახალციხეში და სხვა.
1946 წლის 2 დეკემბერს გაიმართა უსინათლოთა საზოგადოების 2-ე ყრილობა, რომელმაც მიიღო საზოგადოების წესდება.
50-60-იანი წლები განსაკუთრებული აღმავლობით ხასიათდება შ.შ.მ პირთა ორგანიზაციებისათვის.
საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება კუსტარული საამქროებიდან საწარმოთა მძლავრ სისტემად გადაიქცა. 60-იანი წლებისათვის მარტო თბილისში სამი მსხვილი კომბინატი ფუნქციობდა, სადაც ძირითადად უსინათლოები იყვნენ დასაქმებულნი. შეიქმნა საწარმოები: ბათუმში, სოხუმში, გორში, ქუთაისში, თელავში, ცხინვალში, რუსთავში, ჭიათურაში, ზესტაფონში, მცხეთაში, ზუგდიდში, ლანჩხუთში, ფოთში, ოზურგეთში, სენაკში, საგარეჯოში. ამან შესაძლებელი გახადა რეგიონებში უსინათლოთა დასაქმების პრობლემის მოგვარება.
80-იანი წლებისათვის უკვე 2500-მდე უსინათლო და 2500-მდე მხედველი იყო დასაქმებული.
გარდა სამუშაოთი უზრუნველყოფისა, ადგილობრივი წარმოებები, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი გააჩნდათ, (ეგრეთწოდებული სასწავლო საწარმოო დაწესებულება) დასაქმებულთა სხვა სერვისზეც ზრუნავდა.
60-70-იანი წლები აღმავლობის პერიოდი აღმოჩნდა უსინათლოთა საზოგადოების წევრთა ბინებით უზრუნველყოფის საქმეში.
80-იან წლებისათვის საზოგადოებას გააჩნდა არა მხოლოდ კულტურულ-საგანმანათლებლო ქსელი, არამედ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების სისტემაც: დასასვენებელი სახლები ციხისძირში, ბახმაროსა და წყალტუბოში.
უსინათლოთა საზოგადოების ფინანსური შესაძლებლობანი იმდენად სოლიდური იყო, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ორგანიზაციების მშენებლობასაც ახერხებდა.
70-იან წლებში უსინათლოთა საზოგადოებამ თავისი სახსრებით ააგო და სახელმწიფოს გადასცა რესპუბლიკური თვალის სნეულებათა კლინიკა, მცირემხედველ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ძეგვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლი და სხვა. ასე რომ, ერთ დროს ქველმოქმედების ობიექტი თავად გახდა ქველმოქმედი.
1998 წლის 10 დეკემბერს საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების პლენუმმა მიიღო ახალი წესდება. უსინათლოთა საზოგადოება საქართველოს უსინათლოთა კავშირად გადაკეთდა ახალი სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნით. ამით კავშირის ძირითადი კანონი უფრო თანამედროვე და მობილური გახდა, შესაბამისობაში მოვიდა თანამედროვე კანონმდებლობასთან. უსინათლოთა საწარმოები შპს-ებად გადაკეთდა და თავისი სტატუსით დანარჩენ საწარმოებს გაუთანაბრდა სამოქალაქო კოდექსის ახალი სტანდარტების მიხედვით.
ლიბერალურ ღირებულებებზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოებაში მკვეთრად იჩინა თავი რეალურმა პრობლემებმა. კერძოდ, საზოგადოებაში ჩართულობის, რეაბილიტაციისა და გარემოში ადაპტაციის საკითხების მოუგვარებლობამ.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კავშირს მოუხდა ახალი ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება. დაწყებულ იქნა გაჩერებული საწარმოების წილების გასხვისება, რაც ორმაგი ეფექტით ხასიათდებოდა, ერთის მხრივ კავშირისათვის მოიტანა ფინანსური სტაბილიზაცია,, რითაც შესაძლებელი გახდა სოციალური პროექტების დაფინანსება, ხოლო მეორეს მხრივ შეიქმნა ერთობლივი საწარმოები, რომელთა აღორძინებისათვის ზრუნავს და ინვესტიციას ახდენს კერძო მესაკუთრე.
ინტენსიური გახდა მუშაობა დონორებთან გრანტების მოპოვების მიზნით, რამაც კავშირის, როგორც საიმედო პარტნიორის ნდობა გაზარდა.
თვისებრივად ახალი ურთიერთობა დამყარდა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოს უსინათლოთა კავშირმა ორჯერ უმასპინძლა უსინათლო მუსიკოსთა ფესტივალს ციხისძირში, სომეხ, უკრაინელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად. მოეწყო ახალგაზრდული ბანაკები შ.შ.მ პირთა პრობლემების დაძლევის მიზნით. ევრაზიის განვითარების ფონდის, მსოფლიო ბანკის, სოროსის ფონდის, ამერიკისა და პოლონეთის საელჩოების თანადგომით. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის შედეგია ხმის ჩამწერი სტუდია «ცოდნას» დაფუძნებაც, 2009 წელს პოლონელი მეგობრების დახმარებით მოხდა. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტუდია საშუალებას იძლევა შეიქმნას სოლიდური აუდიოლიტერატურის ბაზა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოციალურად დაუცველი წევრების დაცვის მიზნით. კავშირის გამგეობა ათამდე სოციალურ პროექტს აფინანსებს მარტოხელა, ხანდაზმული, სოციალურად შეჭირვებული, სტუდენტების და სხვა კატეგორიის წევრთა დასახმარებლად.
მიუხედავად მიღწეული სტაბილიზაციისა, კვლავ მწვავე პრობლემად რჩება უმუშევრობა.
მრავალწლიანი ისტორიის მქონე კავშირს მოეპოვება თვითგადარჩენისა და თვითაღორძინების პოტენცია, რაც მთავარია, რწმენა უკეთესი მომავლისა.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED