2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს უსინათლოთა კავშირი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი „შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობა.“ პროექტი მიზნად ისახავდა შშმ პირთა მიერ საარჩევნო უფლების სრულყოფილ გამოყენებას, განსაკუთრებული საჭიროების ადამიანთათვის აუცილებელი გარემოს შექმნას, მათთვის საინფორმაციო სივრცის ხელმისაწვდომობას, გადაადგილებაში ხელშეწყობას, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას
პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის კახეთის, რუსთავის, ბოლნისის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ზესტაფონის, ჭიათურის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქობულეთის, ბათუმის და ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფილიალებში რეგიონალური კოორდინატორების შერჩევა ფილიალების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. სულ შეირჩევა 30 მიკრო კოორდინატორი.
შერჩეულ კოორდინატორებმა ხუთი დღის განმავლობაში მოახდინეს უსინათლოთა და მცირემხედველ ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენა. მათი იდენტიფიცირება მოხდა ერთი მხრივ უსინათლოთა კავშირში აღრიცხვაზე მყოფთა და მეორე მხრივ რეგიონების გამგეობებში არსებული ინფორმაციის შეჯერებით. ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმით, ბენეფიციარების ასაკის, გენდერის, ინფორმირებულობის და არჩევნებისადმი განწყობის შესასწავლად. საანკეტო მონაცემები გადაგზავნილ იქნა პროექტის ადმინისტრაციაში, სადაც მოხდა უსინათლო ამომრჩეველთა საჭიროებათა და მოთხოვნათა დადგენა.
რეგიონების 30 მიკრო კოორდინატორისათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარები მოწვეული ექსპერტის მიერ არჩევნების თემატიკით უსინათლოთათვის ადაპტირებულ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ციხისძირის დასასვენებელ სახლში. დატრენინგებულმა მიკრო კოორდინატორებმა 5 დღის განმავლობაში გაწერილი გრაფიკის შესაბამისად გაავრცელეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესებისა და ამომრჩევლის უფლებების შესახებ მათ რეგიონებში აღრიცხულ უსინათლო ამომრჩევლებს შორის. მონიტორინგს ახორციელებდა პროექტის ადმინისტრაცია.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიკრო კოორდინატორების მეშვეობით თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში. რაც გამოიხატება მარტოხელა უსინათლოებისათვის არჩევნების დღეს ტრანსპორტით მომსახურებაში, სოფლის რწმუნებულების ჩართვაში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების დროს და ა.შ.
პროექტის ფარგლებში უსინათლო ამომრჩევლებისთვის 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადდა ვიდეო რგოლი, რომელიც გადაიცა საზოგადოებრივი ტელევიზიითა და ობიექტივის ეთერით. ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება საზოგადოებრივი რადიოთი და გამოიცა ფლაერები, როგორც ბრაილის, ასევე ბრტყელი შრიფტით და გავრცელდება რეგიონებში უსინათლო ამომრჩეველთა შორის. პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფოემაცია გაშუქდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ყოველთვიურ ჟურნალ „სინათლე“-ში, როგორც ბრაილის შრიფტით, ასევე ხმოვანი ვერსიით.